თეგი: მაიკ ტერნერი

NYT-ის წყარო: საფრთხეზე მინიშნებით ტერნერი, სავარაუდოდ, კონგრესზე წეზოლას ცდილობს, რათა უკრაინის დახმარება გაგრძელდეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „სერიოზული საფრთხის“ შესახებ განაცხადა.როგორც მედია წერს, ტერნერის განცხადება ნაწილობრივ იმისთვის გაკეთდა, რომ მან ზეწოლა მოახდინოს კონგრესის წევრებზე, რათა კანონმდებლებმა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა განიხილონ. შესაბამის სტატიას New York Times აქვეყნებს. წყაროებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ტერნერი, სავარაუდოდ, ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა წარმომადგენელთა პალატაზე, რათა ის დათანხმდეს უკრაინის დამატებით დაფინანსებას, რომელიც მანამდე სენატმა დაამტკიცა. გამოცემა წერს, რომ ტერნერი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გულმხურვალედ უჭერს მხარს და ცოტა ხნის წინ კიევსაც ეწვია. ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ კონგრესმენებთან დახურული შეხვედრა გაიმართება, თუმცა მას არ უთქვამს, რაზე იქნება საუბარი. ამერიკული სატელევიზიო არხის NBC News-ის ორი ინფორმირებული წყარო ირწმუნება, რომ შეერთებული შტატების „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე“, რომელიც 14 თებერვალს განიხილებოდა, ეხება რუსეთის სავარაუდო განზრახვას კოსმოსში ბირთვული იარაღის გაშვების შესახებ. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.